მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება

0
893

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს – 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა 19 ივნისს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.

დამატებულ სოფლებს შორის ქვემო ქართლში არსებული სამი სოფელი მოხვდა, ესენია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები: განახლება, ზემო კარაბულახი და გოდაგდაგი.

როგორც „ტელეგრაფს” ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ განუცხადა, მომავალში კიდევ არის დაგეგმილი სხვა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.

კომენტარები გამორთულია