რას ჰყვება ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც მაშველებმა ბარისახოს ხეობიდან გამოიყვანეს

0
1072

ბარისახოდან მაშველებმა რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეს. ექსკურსიაზე 15 მეთორმეტე კლასელი ოთხშაბათს, 5 ივლისს, 2 მძღოლთან, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად გაემგზავრნენ.

„ტელეგრაფი” ერთ-ერთ მოსწავლეს, გიორგი გიუნაშვილს ესაუბრა.

„პრობლემა იყო მხოლოდ ის რომ უგზოობა იყო და ვერ ვახერხებდით გამოსვლას, დანარჩენი პრობლემები არ შეგვქმნია. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეს სამაშველო ეკიპაჟებმა და მცხეთამთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ. შატილში ვიყავით განთავსებული ერთ-ერთ სასტუმროში.” – განაცხადა გიორგიმ.

„ტელეგრაფის” ინფორმაციით, ხეობაში ჩარჩენილების მდგომარეობა ცნობილი იყო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისთვის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ საორგანიზაციო პროცესებში.

როგორც „ტელეგრაფთან” საუბარში სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ განაცხადა, ის ინფორმირებული პირველივე წუთებიდან იყო და შესაბამისად განათლების სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს აცნობა სიტუაციის შესახებ.

„პირველივე წუთიდან ყველა სტრუქტურა ჩართული იყო, ერთადერთი პრობლემა რაც ბავშვებს შეექმნათ იყო უამინდობა, რის გამოც ხეობიდან გამოსვლა ვერ ხერხდებოდა. როგორც კი გამოიდარა,  მაშინვე გააგზავნეს ვერტმფრენი და მოხდა მათი მშვიდობიანად გამოყვანა.”- განაცხადა შეყილაძემ.

შეგახსენებთ, 19 ადამიანი უვნებლად ვერტმფრენით გამოიყვანეს.

”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისინი განთავსდნენ სასტუმროში, უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით. დღეს კი მოხდა მათი გამოყვანა ვერტმფრენით”, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები გამორთულია