რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება

0
345

11 ივლისს, 19.00 სთ-ზე რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.

სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი–ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები მიიღებენ.სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა კულტურისა და დასვენების პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა სკულპტორთა სიმპოზიუმი და რომლის შედეგადაც, ამ ტერიტორიაზე, 21  საინტერესო სკულპტურაა განთავსებული.

სიმპოზიუმის გახსნას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავი საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში და სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ მონაწილეობას. წლების შემდეგ, სიმპოზიუმი პირველად 2016 წელს ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში  გაიმართა.

მოქანდაკეთა სიმმპოზიუმი  რუსთავის მერიის და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები გამორთულია