საქართველოში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

0
1316

საქართველოში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ივლისის თვის დასაწყისში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარიზში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დენგეს დაავადება დაუდგინდა. როგორც ცნობილია, დაავადება გავრცელებულია ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ინდოეთში. საქართველოში, დაავადების პირველი შემთხვევაა გასულ წელს ზუგდიდში დაფიქსირდა, ინფექცია ინდოეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. ამ შემთხვევაში კი როგორც ცნობილია, დაავადებული მამაკაცი საზღვარგარეთ არ ყოფილა, შესაბამისად სპეციალისტები დაავადების გავრცელების კერას ეძებენ და მისი გადამტანი კოღოების კვლევას აწარმოებენ. დენგეს ვირუსის გამავრცელებელი დაავადების გამომწვევი აედესის გვარის კოღოა, რომლის ნაკბენითაც ინფიცირდება ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ენტემოლოგთა ჯგუფი 10 დღის განმავლობაში იმუშავებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, სინათლის ხაფანგის გამოყენებით მოიპოვებენ მასალას. აედესის გვარის კოღოს აღმოჩენის შემთხვევაში კი დაავადებული პაციენტის საცხოვრებელი სახლიდან 400 მეტრის რადიუსით  უკვე დანომრილ სახლებში ჩატარდება სადეზისექციო სამუშაოები მწერების წინააღმდეგ.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

წყარო: bolnisi.ge

კომენტარები გამორთულია