„ ეს მდგომარეობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”

0
479

შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი შეხვდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

„ბოლნისის პოლიკლინიკის მედპერსონალს ექვსი თვეა  კუთვნილი ხელფასები არ მიუღია.  ეს მდგომარეობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა,  დღესვე ჩავერთვებით, მივაწვდით ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს,  მის  ხელმძღვანელს,  ასევე გვექნება კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ ეს მდგომარეობა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრას,  რა თქმა უნდა იმ რეგლამენტისა და  კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში მოქმედებს.  დღეს დეტალურად გავიარეთ   საკითხები, ერთი კვირის მანძილზე კი გვექნება საუბარი და კომუნიკაცია ყველა უწყების რგოლთან, რომ  ტექნიკური პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მედპერსონალს აწუხებს, გადაწყდეს და ადამიანებმა თავისი კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ.” -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კლინიკის პერსონალს ერთი თვის ხელფასი უკვე ჩაერიცხა.

შეგახსენებთ,  დღეს დილიდან შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკაში მისული პაციენტები მომსახურებას ვერ იღებენ. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია, რომელიც სახელფასო დავალიანებით არის გამოწვეული. პირად საუბრებში მედიკოსები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მათი 5 თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩვეულებრივ მუშაობს ცენტრის მიმღები, გაფიცულები არიან მხოლოდ პოლიკლინიკის თანამშრომლები.

„ტელეგრაფი” შეეცადა კლინიკის მენეჯმენტთან დაკავშირებას, სატალეფონო საუბარში წარმომადგენელი დაგვპირდა  რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და კომენტარს ერთ საათში გააკეთებდა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. რაც შეეხებათ გაფიცულ თანამშრომლებს, ისინი კომენტარს არ აკეთებენ, რასაც პირად საუბარში სამსახურის დაკარგვის შიშით ხსნიან.

კომენტარები გამორთულია