ვინ მოიაზრება „ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატად

0
4088

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირას გაიმართება. საქართველოს მოსახლეობამ შემოდგომაზე თვითმმართველობის პირველი პირები და საკრებულოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. ჯერ-ჯერობით წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მხოლოდ დედაქალაქში შეიმჩნევა, სადაც რამდენიმე პარტიამ მერობის კანდიდატი უკვე წარადგინა, რასაც ვერ ვიტყვით რეგიონებზე, იქ არც მმართველი გუნდი ჩქარობს და არც ოპოზიციური სპექტრი კანდიდატების დასახელებას.

კულუარული ინფორმაციით 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღევანდელი გამგებლებისა და მერების უმრავლესობა აღარ მიიღებს მონაწილეობას. კონკრეტულად რას აპირებს მმართველი პარტია ეს ივლისის თვის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

რა გადაწყვეტილებას მიღებს მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისი, სადაც კანდიდატების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც, აზრები რამდენიმე მიმართულებით არის გაყოფილი, თავად კანდიდატობის მოლოდინში მყოფთათვისაც გაურკვეველია.

იქამდე სანამ, ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურამ რუსთავის მერის პოსტზე უკვე გაიჟღერა. გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატობის მოლოდინშია რუსთავის მოქმედი მერი. დავით ჯიქიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება და სურს თუ არა კვლავ მერობა, ხმამაღლა არ ამბობს.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არ მალავს რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორია, რომელიც ადასტურებს, რომ შესაძლოა მმართველი პარტიის კანდიდატი იყოს.

„ტელეგრაფთან” საუბარში მსგავსი შეთავაზების არსებობა უარყო კიდევ ერთმა სავარაუდო კანდიდატმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოქმედმა მოადგილემ, კახა კობერიძემ.

ასევე, მედიასთან საუბარში არ დაადასტურა მისი კანდიდატურის განხილვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბენო ქაშაკაშვილმა.

„ტელეგრაფისთვის” ცნობილი გახდა კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აქტიურად განიხილება. ტაბაღუა ფინანსისტია და წლებია შემოსავლების სამსახურში მუშაობს. ირაკლი ტაბაღუამ თემის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები გამორთულია