რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა

0
1146

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თელავის საკრებულოს წევრის გარდა, დღეს ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი ა.წ წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ.ნ დააკავა.

როგორც სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი ა.წ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ.ნ დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა – 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – განაცხადეს სუს-ში.

როგორც ცნობილია, დღესვე, სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით თელავის საკრებულოს წევრიც დააკავა.

„ტელეგრაფი” რუსთავის მერიას დაუკავშირდა, როგორც მერიაში გვითხრეს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან შეიტყვეს. რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დაკავებულ მერის წარმომადგენელის კომპეტენცია მხოლოდ მოსახლეობასთან ურთიერთობებით და მათი მდგომარეობის შესწავლით შემოიფარგლებოდა.

 

კომენტარები გამორთულია