​რუსთავის თეატრში საერთაშორისო პროექტის “ცეკვა სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა

0
258

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის “ცეკვა სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა.


 პრეზენტაციაზე 20 წუთიანი თანამედროვე ცეკვის პერფორმანსი გაიმართა, რომელიც პროექტის გერმანელმა ხელმძღვანელებმა ან ბოეკმანმა, ელია პატრიცმა, ლიზა რეგერმა დადგეს და თემატურად 4 ბუნებრივ სტიქიაზე – ცეცხლზე, წყალზე, მიწასა და ჰაერზეა აგებული. მასში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. 

“ცეკვა სკოლაში” – გოეთეს ინსტიტუტის ინოვაციური საერთაშორისო პროექტია, რომელშიც ჩართულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლები. პროექტი პირველად იმართება და თავისი შინაარსით გულისხმობს გერმანულენოვან სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდის დანერგვას. უფრო კონკრეტულად კი სწავლების ეს ინოვაციური, ინტერდისციპლინარული მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას და გერმანული ენის შესწავლას ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან ერთად გულისხმობს. ასეთი მიდგომით თანამედროვე სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციები გაძლიერდება, რაც ასე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზაა ენის სწავლების მაღალი ხარისხის სრულყოფისთვის“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

პროექტი 6 თვე გრძელდება, 3 ეტაპად ხორციელდება: 

”I ეტაპია საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელიც ქ. რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ბანაკში (მისამართი: ბალანჩივაძის ქ #9) 16 ივლისიდან 26 ივლისამდე გრძელდება. მასში მონაწილეობს 8 სკოლის 32 მოსწავლე და 16 მასწავლებელი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სკოლებიდან. ამ ჯგუფთან ბერლინის TanzZeit-ის ქორეოგრაფები მუშაობენ იმაზე თუ როგორ ახდენს მოძრაობა და ცეკვა, მუსიკა და რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის სტრუქტურირებას და გამრავალფეროვნებას, როგორ მყარდება ცეკვასა და მოძრაობაში კომუნიკაცია გერმანული ენის, როგორც უცხო ენის საშუალებით. შესაბამისად, ამ ახალი მეთოდით ქართველი მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ გერმანული ენის, როგორც საგნის გაკვეთილებში ცეკვისა და მოძრაობის ფორმით კონკრეტული მეთოდების ჩართვა ისე, რომ მუშაობის სამომავლო პერსპექტივები გამოისახოს. 

II ეტაპია სკოლებში საპროექტო იდეების განხორციელება. საერთაშორისო ბანაკიდან დაბრუნების მერე, სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციების ათვისება სასწავლო წლის პროცესში სკოლის გუნდებს საშუალებას მისცემს თავიანთ სკოლებში დაიწყონ მცირე პერფორმანსებისა თუ საცეკვაო პროექტების განხორციელება, ამ მიმართულებით, მოსწავლეები ცეკვასა და მოძრაობაში მეცადინეობით დამუშავებულ თემებს ენის გაკვეთილზეც მიუბრუნდებიან და შესაბამისად, კლასის სრულფასოვანი ჩართულობით კიდევ უფრო განავრცობენ. 

III ეტაპია ვორკშოპი და თბილისში წარმოდგენა. „ცეკვა სკოლაში“ – ამ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მონაწილე საპილოტე სკოლები, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდის, ქუთაისისა და გორის გერმანული სკოლები იღებენ მონაწილეობას, შეიმუშავებენ საკუთარ ინტერდისციპლინირებულ პროექტებს, რომლებიც თანამედროვე ცეკვისა და უცხო ენის შესწავლას ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ საცეკვაო პროექტებიდან და პერფორმანსებიდან კი ორი გამორჩეული ნამუშევარი, რომელსაც ბერლინის კომპანიის TanzZeit-ის გერმანელი პროფესიონალი მოცეკვავეები შეარჩევენ, მიწვეული იქნება 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილ ვორკშოპზე და შემდეგ ამ პერფორმანსების ჩვენება თბილისში თეატრალურ სივრცეში საზეიმოდ გაიმართება. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერიმენტული პროექტის შესახებ გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც ამავე პროექტის დასრულების შემდეგ გაიმართება. 

პროექტი „ცეკვა სკოლაში“ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხორციელდება. გოეთეს ინსტიტუტი აქტიურად თანამშრობლობს ბერლინის შემოქმედებითი კომპანია TanzZeit-თან, რომელიც 2005 წელს საშა ვალცის პატრონაჟით შეიქმნა, ენის შესწავლას ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან ერთად გულისხმობს. 

გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ცნობილ თანამედროვე ბერლინელ ქორეოგრაფთან საშა ვალცთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად თბილისში კიდევ ერთი პროექტი იგეგმება. 20-21 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საშა ვალცის სპექტაკლი Continu ბუნებრივი ძალებისა და სტიქიების შესახებ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ გაიმართება.

კომენტარები გამორთულია