ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

0
496

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ, ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაუპირისპირდნენ. 

ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ, ანა დოლიძე ტრიბუნიდან სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად სავსე იყო თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკლებული კრიტიკით, რომ წესით, ყველა სრულიად სახტად უნდა დარჩენილიყო.

ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ანა დოლიძეს მოუწოდა, რომ ეთიკის სტანდარტები დაეცვა. 

„თქვენ საჯარო მოხელე ხართ და ეთიკის სტანდარტები უნდა დაიცვათ. შეურაცხყოფის მაგალითები უნდა მოიყვანოთ“, – მიმართა დოლიძეს კობახიძემ. 

თავის მხრივ, კობახიძეს დოლიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მსგავსი ტიპის დისკურსს მიჩვეული არიან და ამ მცდელობაში არ აჰყვებოდა. 

დოლიძეს ისევ კობახიძე გამოეხმაურა და შეახსენა, რომ ეთიკის ნორმებს არღვევს. 

„ისევ ეთიკის სტანდარტებს არღვევთ. საჯარო მოხელე პოლიტიკოსებზე არ საუბრობს. თემასა და შინაარსზე ისაუბრეთ. არგუმენტები წარმოვადგინეთ და თქვენ კონტრარგუმენტები უნდა წარმოადგინოთ, რაც გაქვთ, როგორც საჯარო მოსამსახურეს. თქვენ პოლიტიკურ პოლემიკაში არ შემოხვიდეთ. თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ და არგუმენტები წარმოადგინეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხებს, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც თქვენგან განსხვავებით პოლიტიკოსია, თქვენ კი, საჯარო მოსამსახურე ხართ. გთხოვთ, თემატურად დაასაბუთოთ ვეტო“, – მიმართა დოლიძეს კობახიძემ.

დოლიძემ კობახიძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, პრეზიდენტის წარმომადგენელია პარლამენტში. 

„თქვენს მიერვე მიღებული კანონით, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ“, – მიმართა კობახიძეს დოლიძემ. 

კობახიძე დოლიძის რეპლიკას გამოეხმაურა. 

„ქალბატონო ანა, ეს ტყუილია და თქვენ იურისტი ხართ და არ შეიძლება, ეს თქვათ. თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ და თუ შინაარსობრივ მხარეზე საუბარს არ გააგრძლებთ, იძულებული ვიქნები, თქვენი გამოსვლა შევწყვიტო და შემდეგ კანონპროექტზე გადავიდე“, – მიმართა დოლიძეს კობახიძემ. 

დოლიძემ კი, კობახიძის საპასუხოდ ისევ აღნიშნა, რომ სწორედ უმრავლესობამ ამოიღო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიიდან. 

„ეს ტყუილია. თუ გააგრძელებთ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, გავაგრძელებთ. ანა-ბანაა, რომ საჯარო მოსამსახურე პოლიტიკაში არ შედის. თქვენ ისაუბრეთ შინაარსზე. თუ საუბარს პოლიტიკური გამოსვლებით გააგრძელებთ, ამ შემთხვევაში სხვანაირად გავაგრძელებთ“, – მიმართა დოლიძეს სპიკერმა.

 

კომენტარები გამორთულია