ზოგად უნარების სტატისტიკური ანალიზი

0
1380

2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური – 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო. როგორც EDU.ARIS.GE-სთან ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე აცხადებს, წელს მაქსიმალური ქულა 79 იყო, რომელის აღებაც 8 აპლიკანტმა მოახერხა. მისივე თქმით, უნარების მესამე ვარიანტი ყველაზე რთული აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის, ამიტომაც, ამ ვარინატის ბავშვებისთვის ბარიერი შედარებით ნაკლები, 21 ქულა იქნება.

აბიტურიენტების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებზე, რის მიხედვით ხდება ვარიანტების სირთულის განსაზღვრა და რა არის სკალირების მთავარი პრინციპი, ემატებათ თუ არა ქულა ნაშრომში და სხვ, უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი დეტალურად გვესაუბრა.

“სკალირების მთავრი პრინციპი ის არის, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს. თეორიულადაც შეუძლებელია, შევქმნათ 4 ერთნაირი სირთულის ტესტი, ამიტომ არის ვარიანტებში გარკვეული განსხვავებები სირთულის თვალსაზრისით.

“რაც შეეხება ტესტის სირთულის გამოთვლას, ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შესაძალებელია, გამოვითვალოთ საშუალოდ რა პროცენტი ასრულებს დავალებებს სწორად. მაგალითად, თუ პირველი ვარიანტი დაწერა 7 000–მა აბიტურიენტმა, ავიღოთ ყველა ქულა, შევაჯამოთ გავყოთ შვიდიათასზე და მივიღებთ ამ ვარიანტის საშუალო ქულას. თუმცა, არსებობს ტესტის გამოთვლის სხვა ვარიანტებიც.

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვლით, თითოეულ აბიტურიენტს, რომ დაეწერა ყველა დანარჩენი ვარიანტი, გარდა იმისა რაც დაწერა, რა ქულას მიიღებდა და ამის შემდგომ ვირჩევთ მისთვის საუკეთესო ქულას. სკალირების დათვლის პრინციპი ეს არის.

“რაც შეეხება ქულის დამატებას ტესტის სირთულის მიხედვით, ასე არ ხდება. ის რომ მესამე ვარიანტი რთული იყო და ამის გამო აბიტურიენტებს ქულა მოემატოთ გამორიცხულია, რადგან ასე არასდროს მომხდარა”,- აცხადებს სოფო დოლიძე.

ამასთან, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ვერბალური ნაწილი ოდნავ გამარტივებული იყო, მათემატიკური ნაწილი კი თითქმის იგივე სირთულის.

“სამწუხაროდ, წელს მაქსიმალური 80 ქულა არ დაწერილა, თუმცა გამოცდის ყველა ვარიანტში დაიწერა 79 ქულა. რაც შეეხება ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს, აბიტურიენტებისთვის წელს მათემატიკური ნაწილი ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვერბალური. თუმცა შარშანდელს თუ შევადარებთ, მათემატიკური თითქმის იგივეა, ოდნავ უფრო გამარტივებული იყო ვერბალური ნაწილი”, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

ჩვენს კითხვაზე, როგორია წლევანდელი მონაცემები შარშანდელთან შედარებით, დოლიძე ამბობს, რომ დაახლოებით მსგავსი შედეგებია.

“ერთი ქულით მეტი ან ნაკლები არაფერს ცვლის, რადგან იდენტური შედეგების მიღება შეუძლებელია. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით ისეთივე შედეგი გვაქვს, რაც შარშან გვქონდა. იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც უნარებში ზღვარი ვერ გადალახეს, შარშან 15%-ზე ცოტა მეტი იყო, წელს ცოტა ნაკლებია”.

ზოგადი უნარების ტესტის პირველი ვარიანტი მომზადდა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენებზე. ამ ენებზე ტესტი შეასრულა 2 324-მა აბიტურიენტმა.

რაც შეეხება სტატისტიკას, ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,91%-მა. ვარიანტების მიხედვით, გადალახულთა მონაცემები ასეთია:

ვარიანტი I  გადალახა 86,33%-მა;

ვარიანტი II  – გადალახა 88,64%-მა;

ვარიანტი III – გადალახა 88,55%-მა;

ვარიანტი IV – გადალახა 87,76%-მა.

როგორც უკვე ითქვა, პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულაა 24, მესამე ვარიანტში კი, მისი სირთული გამო – 21.

რომელ ვარიანტში რა ქულები დაიწერა:

წყარო

კომენტარები გამორთულია