ქართველებმა ისრაელის აეროპორტის სადეპორტაციო იზოლატორიდან კადრები გამოაგზავნეს

0
1389

24 ივლისს თბილისი – ისრაელის რეისის მგზავრები, რომლებიც საზღვარზე არ შეუშვს, სამართალდამცველებმა დააკავეს და სადეპორტაციო იზოლატორში გადაიყვანეს. ქართველებთან ერთად დაკავებული არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.

ისინი ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა უმეტესობა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, ქვეყანაში შესვლაზე უარს იღებს.

რა პირობებში უწევთ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს ყოფნა, ამის ამსახველი კადრები “იმედს“ გამოუგზავნეს.

ისრაელის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო, ორი ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

17 აპრილიდან ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გამო, ახალი რეგულაცია ამოქმედდა. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. უარის მიღებისთანავე, მას ქვეყნიდან გააძევებენ (ძველი რეგულაციით, ის ისრაელში 3 წლის განმავლობაში რჩებოდა).

24 ივლისს, ანუ სწორედ იმ დღეს, როცა ხსენებული რეისის მგზავრები დააკავეს და სადეპორტაციო იზოლატორში მოათავსეს, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური სამშობლოში ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების საშუალებას აძლევს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო. წელს კი ისრაელში საქართველოს 861 მოქალაქე არ შეუშვეს

წყარო:imedinews.ge

კომენტარები გამორთულია