500-მდე ახალგაზრდამ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ათდღიანი სწავლება გაიარა

0
229

საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდები საარჩევნო სისტემების, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, საქართველოში არჩევითი ორგანოების, არჩევნებში ჩართული მხარეების, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის და ასევე ევროპარლამენტის შესახებ ღებულობდნენ ინფორმაციას. სწავლებას მათთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უძღვებოდნენ.
28 ივლისს მონაწილეებს სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ზესტაფონის სკოლაში სწავლების დასკვნით ნაწილს დაესწრო; ის ასევე ესტუმრა ფოთის საარჩევნო განვითარების სკოლას, მიულოცა ახალგაზრდებს კურსის დასრულება და პირადად გადასცა სერთიფიკატები.
„სკოლა არჩევნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გაზრდას ემსახურება. ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა კარგად დაგვანახა, რომ საარჩევნო განვითარების სკოლას უკვე მესამე წელიწადია მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო საკითხების შესახებ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგიჩნდეთ არჩევნებისადმი“ – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. პროექტის მიმართ დიდი ინტერესის გამო 2016 წელს ის 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა, წელს კი ეს რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ წეროვანში (დევნილთა დასახლებაში) წელს პირველად გაიმართა სასწავლო კურსი. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე პირველად განხორციელდა ახმეტაში, სადაც ტრენინგებში, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

სასწავლო კურსი გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი – დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა.
პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წელს უკვე მეორედ, ცესკომ პროექტის განსახორციელებლად ევროსაბჭოს პირდაპირი გრანტი მიიღო. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ახორციელებენ.

კომენტარები გამორთულია