სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე გოგონების ვაქცინაციას იწყებს

0
1547

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია (4 ვალენტიანი გარდასილი) ამჯერად უკვე სახელმწიფო პროგრამის ნაწილში დეკემბრიდან განახლდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, იმუნიზაციის პროგრამა (ორჯერადი აცრა) გათვალისწინებულია 9 წლის გოგონებისთვის და პროგრამის ფარგლებში სულ 15 000 გოგონა აიცრება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საზოგადოების ჩართულობის დიდი იმედი აქვს. ფიქრობს, რომ 2010-2011 წლის დაბალი აქტივობა ამჯერად აღარ განმეორდება. იხსენებს, პაპილომა ვირუსზე არასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010-2011 წლებში ჩატარებულ ვაქცინაციას 12-13 წლის გოგონებში (სამჯერადი), როდესაც 14 000 დოზიდან მხოლოდ 30% იყო გამოყენებული, საქართველო იძულებული გახდა დარჩენილი ვაქცინა ყაზახეთისთვის ეჩუქებინა.

ვაქცინაცია მაქსიმალურ ეფექტზეა ორიენტირებული. რეკომენდირებულია სქესობრივი კავშირის დაწყებამდე და მაქსიმალური ალბათობით უზრუნველყოფს პრევენციას. იქვე იმნაძე მიათითებს, რომ ვაქცინაცია 30-50 წლის ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტიანობა უფრო ნაკლებია.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა, რაც ადამიანის ორგანიზმს ეფექტურად იცავს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისათვის.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY