მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

0
890

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, მხილებულ იქნა 3 წევრისგან შემდგარი ჯგუფი.
დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაყალბებული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 3 263 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ბრალდებულებმა ნაკვეთი თავის სახელზე დაარეგისტრირეს და მისი ერთი ნაწილის – 1 263 კვ.მ-ის რეალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავე პირები იმ მომენტში ამხილეს, როდესაც ისინი მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის – 2 000 კვ.მ-ის რეალიზაციას ახდენდნენ.
გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო ერთი – მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

NO COMMENTS