დატყვევებული მურა დათვი თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს

0
853

ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს “წითელი ნუსხით” დაცული მურა დათვი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს “წითელი ნუსხით”დაცული მურა დათვი, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზოოპარკის თანამშრომლების დახმარებით, თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. ცხოველის ზოოპარკში გადაყვანა, მისთვის საუკეთესო ბუნებრივი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად გადაწყდა. თბილისის ზოოპარკში დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება.

დათვის ტყვეობაში ყოფნას, ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, ააიპ ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი და რამდენიმე აქტივისტი. ისინი ცხოველის გადაყვანას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ააიპ ზოოლოგიურ ცენტრში მოითხოვენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ პირის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა.

შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა და, რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც, მისივე განმარტებით, ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავდა, საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეული ცხოველის დატყვევების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა.

NO COMMENTS