ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარედ ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა, ნიკა ბეგაძი იყოს

0
1195

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც შესაძლოა, 19 ივლისს გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს.

როგორც დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა, ამის შესახებ ისლადიურმა მხარემ საელჩოს აცნობა.

„ჩვენ ოჯახის ახლობლებს ვაცნობეთ, რომ ისლანდიური მხარის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანის გვამი, რომელიც შესაძლებელია იყოს ნიკა ბეგაძე. საბოლოო დადგენას სჭირდება სრული ექსპერტიზა. ჯერ მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები. 24 ივლისს დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დროებით შეწყვიტეს, რამდენიმე დღეში კი ისევ განაახლეს.

ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახია მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.

რუსთაველი ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი – პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა

NO COMMENTS