3000 ლარი 20 კაციანი სუფრისთვის

0
1267

რუსთავის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან რუსთავის მერის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანებით, 2017 წლის 4 აგვისტოს, ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობასთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოწვეული უცხოური დელეგაციის (25 პერსონა) გამასპინძლების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 3000 ლარი გამოიყო.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რუსთავის მერიის საპატიო სტუმრებს მცხეთაში მდებარე „რესტორან-მუზეუმი გუჯარი” გაუმსაპინძლდა. დოკუმენტის თანახმად, 4 აგვისტოს რესტორანმა რუსთავის მუნიციპალიტეტში მოწვეულ უცხოურ დელეგაციას უმასპინძლა (20 პერსონა), გამასპინძლების ღირებულებამ 2988.52 ლარი შეადგინა.

„ტელეგრაფი” შეეცადა გამართული ყრილობის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერიაში მოეპოვებინა, როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურში  აცხადებენ, აღნიშნული ყრილობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ფინანსისტთა ასოციაციას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ყრილობა 6 აგვისტოს მცხეთაში, რესტორან გუჯარში გაიმართა და მისი მასპინძელი ასოციაცია იყო. ყრილობას 150-მდე დელეგატი და ისრაელის 13 სხვადასხვა ქალაქის ხაზინის უფროსი ესწრებოდა.

„ესენი იყვნენ რეალურად ასოციაციის სტუმრებიც და მუნიციპალიტეტის სტუმრებიც, მოიარეს მუნიციპალიტეტები, დაათვალიერეს. თუ არ ვცდები რუსთავშიც იყვნენ, იყვნენ აგრეთვე მარნეულში, ბოლნისში, კახეთში და ბათუმში”- აცხადებენ ასოციაციაში, და დასძენენ, რომ მცხეთაში, რესტორან გუჯარში, 6 აგვისტოს ყრილობის გასამართად ხარჯი ასოციაციამ გაიღო.

რაც შეეხება მიღებისა და ოფიციალური სადილის ხარჯებს, ასოციაციაში შემდეგ განმარტებას აკეთებენ.

„იქ სხვადასხვა რაღაცეები იყო, მაგალითად ზოგს ასოციაცია ხარჯავს, ყრილობა ასოციაციამ გადაიხადა, გამასპინძლება კი, თუ რუსთავი ან რომელიმე მუნიციპალიტეტი მასპინძლობს, რა თქმა უნდა ხანდახან მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან. ჩვენც რომ ჩავდივართ ხოლმე, ჩვენც იგივენაირად გვიმასპინძლდებიან.” – ამბობენ ასოციაციაში.

კომენტარები გამორთულია