გმირულად დაღუპულ პოლიციელს შვილი იხსენებს

0
258

შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი პოლიციელის ღირსეული ცხოვრება და საქმიანობა. ბექა მარგიშვილის შვილმა – ოთარ მარგიშვილმა კი პრეზენტაციაზე მამის ლექსი წაიკითხა.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო შსს-ს მიერ მომზადებული, დაღუპული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.

ბექა მარგიშვილის ლექსების კრებული შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით დაიბეჭდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 2015 წლის 4 აპრილს, საღამოს, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამნაშავემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ორივე სამართალდამცველი დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ბექა მარგიშვილი შსს-ს პირველი ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

კომენტარები გამორთულია