ჩვენი ქვეყნის ისტორიით ვამაყობ, მაგრამ მისი შესწავლითა და ღრმად გააზრებით თავის შეწუხება არ გვინდა

0
8937

გთავაზობთ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთ-ერთი აბიტურიენტის მიერ დაწერილ არგუმენტირებულ ესეს სათაურით „ჩვენი ქვეყნის ისტორიით ვამაყობ, მაგრამ მისი შესწავლითა და ღრმად გააზრებით თავის შეწუხება არ გვინდა”, რომელმაც მაქსიმალური შეფასება, 20 ქულა მიიღო.


დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიით ვამაყობთ, მაგრამ მისი შესწავლითა და ღრმად გააზრებით თავის შეწუხება არ გვინდა. ქართველებს გვიყვარს იმით ტრაბახი, თუ როგორ დავამარცხეთ თურქ-სელჩუკები დიდგორის ველზე, თუმცა დეტალურად ამაზე საუბარი მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. მე წელს დავამთავრე თორმეტწლიანი სასწავლო კურსი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისტორია, როგორც საგანი, მოწოდების სიმაღლეზე არც სკოლებში და არც ახალგაზრდების ცნობიერებაში არ დგას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ ემსახურება საქართველოს ისტორიის საფუძვლიან გააზრებას. საგანი ისწავლება არა ანალიტიკური, არამედ ზეპირი მეტყველების დონეზე. დღესდღეობით პოპულარული გახდა ტესტური დავალებები, რაც უფლებას აძლევს მოსწავლეს, დაიზეპიროს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, ისტორიული პირის სახელი, ერთი-ორი ბრძოლა და ასე მარტივად ჩააბაროს გამოცდა. მრავალი წიგნის პირველ ფურცელზე წერია, რომ მომავალი წარსულის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა სკოლაში ამ სიტყვების მნიშვნელობას არავინ გვასწავლის.

სწორედ ასეთ მიდგომას მივყავართ იქამდე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ვინ დააარსა თბილისი ან რომელ წელს მიიღო ქართლმა რელიგია, რომელიც ასე გვიყვარს. ამას ადასტურებს სოციალური გამოკითხვები, რომლებიც საკმაოდ ნათლად გვიჩვენებს ჩვენი განათლების დონეს. ხშირად გვეცინება ხოლმე მსგავს ვიდეოებზე, მაგრამ გულის სიღრმეში, ალბათ, ყველამ ვიცით, რომ თუ ქუჩაში შემთხვევით გაგვაჩერეს და გვკითხეს ვინ იყო თამარ მეფის ბაბუაო, ვერ ვუპასუხებთ, რადგან ის, რასაც სკოლაში გამოცდისთვის ვიზეპირებდით, დროის სვლასთან ერთად ქრება ჩვენი მეხსიერებიდან.

ისტორია არ არის საზეპირო საგანი. მას სჭირდება ანალიზი, გააზრება, მსჯელობა. საქართველოს ისტორია, ქართული ენასავით ცოცხალი ორგანიზმია და მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ყოველთვის უნდა ცოცხლობდეს, რათა გვახსოვდეს და არასდროს დავივიწყოთ „ვისი გორისა ვართ”.


P.S მასალა არის ექსკლუზიური და მისი გამოყენება დაუშვებელია „ტელეგრაფის” ლინკის მითითების გარეშე.

კომენტარები გამორთულია