პრემიერ მინისტრი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

0
150

პრემიერმინისტრი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დაბასთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს გაეცნობა. რამდენიმე წუთში წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა დაიწყება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სპეციალური შტაბის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის  საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ორი ვერტმფრენი. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რომელმაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები გამოგზავნა.

შსს-ის ცნობით, ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ დღისით გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

კომენტარები გამორთულია