საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას ავრცელებს

0
138

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა დიალოგის განახლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

18 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეთხოვათ წერილობით იმ საკითხების ამომწურავი სიის წარდგენა, რომელთა კონსტიტუციაში არასახვის შემთხვევაში, შესაბამისი პარტია მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნებოდა ამ პარტიის მხარდაჭერა.

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, მეტიც, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას. აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად.

ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა.

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და  არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან.

კომენტარები გამორთულია