უსინათლოსთან კომუნიკაციის ეთიკის ძირითადი დებულებანი

0
169

ის, თუ როგორ აღიქმება ადამიანი საზოგადოებაში, დაცულია თუ არა მისი ღირსება, დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან მას საზოგადოების წევრები. გარეგნულ მოპყრობას აქვს გავლენა ადამიანის თვითაღქმაზე, მის თვითშეფასებაზე, ასევე იმაზეც, თუ როგორ აფასებენ მას სხვები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ და ვიცავდეთ შშმ პირებთან მოქცევის გარკვეულ წესებს, რათა ხელი შევუწყოთ მათი უფლებებისა და მათი სრულფასოვან ადამიანებად საზოგადოების მიერ აღქმას. ამ სტატიაში აღწერილი წესები არ არის ამოუწურავი და არც– მთლად უნივერსალური. ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათ შორის უსინათლოც, რომლებზეც ამ კონკრეტულ სტატიაში ვკონცენტრირდები, ინდივიდუალურია და შესაძლოა, განსხვავებულ გარემოში გრძნობდეს თავს უკეთ. ამიტომ უსინათლოსთან და სხვა შშმ პირთან მოქცევის ეთიკის შესახებ ყველაზე კარგი წყარო თავად უსინათლო ადამიანია, ამიტომ პირველი წესია, არ მოგვერიდოს კითხვის დასმა. თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვკითხოთ უშუალოდ იმ ადამიანს, რომელსაც ეს ეხება.

ზოგადი რეკომენდაციები

გვახსოვდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შორის უსინათლოებიც პირველ რიგში არიან ადამიანები, შესაბამისად მათ სჭირდებათ ყველაფერი ის, რაც მხედველ ადამიანებს. მაგალითად, პატივისცემა. გამოვხატოთ პატივისცემა ადამიანზე, და არა მის შეზღუდულ შესაძლებლობაზე, კონცენტრაციით. უსინათლოსთან ან მასზე საუბრისას მივმართოთ უშუალოდ მას და არა მის თანმხლებს. უსინათლოსაც შეუძლია, თავისუფლად გაგცეთ პასუხი. უსინათლოსთან და არა მის თანმხლებთან მასზე საუბარი ამავდროულად არ გამორიცხავს იმასაც, რომ თანმხლებსაც მივესალმოთ. მიმართეთ უსინათლოს იმ ფორმით, რა ფორმითაც მსგავს სიტუაციაში (მისი ასაკის, მდგომარეობისა და თქვენთან სიახლოვის შესაბამისად) მიმართავდით მხედველ ადამიანს (იგულისხმება შენ–ობით, თქვენ–ობით, ქალბატონო/ბატონო/დეიდა/ბიძიათი თუ მის გარეშე და ა.შ.). მაგ. თუ უსინათლო თქვენზე უფროსი ან უცხოა და მის ადგილას მხედველი რომ ყოფილიყო, თქვენ–ობით მიმართავდით, მასაც თქვენ–ობით მიმართეთ და პირიქით, თუ ის თქვენი ნაცნობი, ნათესავი, მეგობარი ან თანატოლია და მის ადგილას მხედველი რომ ყოფილიყო, შენ–ობით მიმართავდით, მასაც შენ–ობით მიმართეთ;

საუბრისას დაიცავით პირადი სივრცე იმავე ფარგლებში, როგორც დაიცავდით მსგავს გარემოებებში პირად სივრცეს/დისტანციას, თანამოსაუბრე მხედველი რომ ყოფილიყო. ისაუბრეთ ჩვეულებრივი სიჩქარითა და გარკვევით და ხმის ჩვეულებრივი სიმაღლით (არც ძალიან ხმამაღლა, არც– ხმადაბლა და არც განსაკუთრებით გარკვევით). მხედველობის არქონა თავისთავად ხელს არ უშლის ადამიანს საუბრის გაგონებასა და აღქმაში. ნუ ერიდებით ისეთი ყოველდღიური სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა „ნახვა, ყურება, შეხედვა“. უსინათლოებიც თავისუფლად იყენებენ მათ საუბარში; თუ შენიშნავთ, რომ უსინათლო ადამიანს ტანსაცმელზე ან სახეზე რამე ლაქა/თვალი აქვს ან რამეშია დასვრილი, აცნობეთ ამის შესახებ კონფიდენციალურად, სხვებისგან შეუმჩნევლად. ნუ მოგერიდებათ ამის გაკეთება. უსინათლოებსაც სურთ, სუფთად და შესაფერისად გამოიყურებოდნენ საზოგადოებაში. ასევე აცნობეთ უსინათლოს, თუკი სივრცეში ყველა ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, „მაგ. თუ ყველა რომელიმე მხარეს არის მიბრუნებული“, რათა ის არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში. საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ მას დახმარება ანდა აუხსენით, რათა მან სურვილის შემთხვევაში შეძლოს ისეთივე პოზიციის დაკავება, როგორიც დანარჩენ დამსწრეებს, რათა თავი არ იგრძნოს გაუცხოებულად; ნუ დატოვებთ უსინათლო ადამიანს ცარიელ სივრცეშიმას სჭირდება რამე ორიენტირები (მაგ. მოაჯირი, კედელი, ბორდიური და ა.შ.) რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება და სივრცეში ორიენტაცია.
მისალმებისას:

1. თქვით თქვენი სახელი. საჭიროების შემთხვევაში აუხსენით ადამიანს, საიდან გიცნობთ/იცნობთ (შესაძლოა ხმით ვერ გიცნოთ).

2. როცა საუბარი მრავალ ადამიანს შორის მიმდინარეობს, მიმართეთ უსინათლო ადამიანს სახელით, რათა მიხვდეს, რომ რაღაცას ეკითხებით ან ეუბნებით მას..

3. წარუდგინეთ ოთახში/სივრცეში მყოფი ყველა ადამიანი ან ყველა, ვინც თქვენ გახლავთ. უსინათლო ადამიანს ზოგ შემთხვევაში შეუძლია, მიხვდეს, რომ მარტო ორნი არ საუბრობთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს შეუძლებელია და ადამიანისთვის დამაბნეველი.
მიმართულების ახსნის/მითითებისას:

1. გამოიყენეთ ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა „მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით, ქვევით“ და არა „აქ/იქ“.

2. საგანთა მდებარეობის ახსნისას შესაძლოა, გამოვიყენოთ საათის ისრის მდგომარეობა (მაგ. ჭიქა შენგან/თქვენგან 3 სთ–ზეა და ა.შ.).

3. ნუ ანიშნებთ ნურაფერს ხელით.
დახმარების შემოთავაზებისას:

1. დახმარების აღმოჩენამდე კითხეთ ადამიანს, სჭირდება მას ის თუ– არა. დადებითი პასუხის შემთხვევაში დააზუსტეთ, რაში და რა ფორმით. უარის შემთხვევაში ნუ აძალებთ.
თანხლება/გაცილება

1. მიეცით ადამიანს საშუალება, ხელი მოგკიდოთ იდაყვს ქვემოთ. იყავით 1 ნაბიჯით წინ ადამიანზე, რომელსაც აცილებთ.

2. თუკი ადამიანს ხელი აქვს თქვენთვის ჩაკიდებული ზემოთაღწერილი წესით, არ არის აუცილებელი მუდმივად იმის გახმოვანება, მარჯვნივ უხვევთ თუ– მარცხნივ. ადამიანი ამას თავად გრძნობს

3. შეანელეთ სვლა ნებისმიერი წინაღობის (ჩასასვლელი, კიბე, გადასაბიჯებელი) მიახლოებისას.

4. გაახმოვანეთ და საჭიროების შემთხვევაში აღწერეთ წინაღობები „ზემოთ, ქვემოთ, კიბე ზემოთ, კიბე ქვემოთ“.

5. კიბეს ყოველთვის მიადექით პირდაპირ და არა– დიაგონალზე.

6. დასაჯდომის მითითებისას დაადებინეთ უსინათლო ადამიანს ხელი სკამის ზურგზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გააკეთეთ ისე, რომ უსინათლოს ფეხი შეეხოს სკამის ფეხს.

7. არავითარ შემთხვევაში არ უბიძგოთ ადამიანს სკამისკენ.

8. ვიწრო ადგილებში გავლისას იდაყვში მოხარეთ ხელი, რომლისთვისაც უსინათლო ადამიანს აქვს ხელი ჩაჭიდული, გადაიტანეთ ეს იდაყვში მოხრილი ხელი ზურგს უკან. ადამიანი ამ ხელის გასწვრივ გასწორდება და კენტად გაივლით, ცალცალკე.

9. ავტომობილში ჩასხდომისას დაადებინეთ ადამიანს ხელი მანქანის კარის სახელურზე, მიუთითეთ, საითკენ არის ავტომობილი შებრუნებული და ის დამოუკიდებლად მოახერხებს ჩაჯდომას.

10. თუკი საუბრისას მოგიწიათ გასვლა ან საუბრის შეწყვეტა, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ უსინათლო/მცირემხედველ ადამიანს.

დასკვნის სახით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოცემულ სტატიაში მოყვანილი რეკომენდაციები არ არის ამომწურავი. აუცილებელია ინდივიდთან კომუნიკაცია მისი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოსაკვლევად და იმისთვის, რომ ისე დავეხმაროთ, რომ არ შევლახოთ ადამიანის უფლებები და მისი ადამიანური ღირსება. პირველწყარო კი ყოველთვის ის ადამიანია, რომელთანაც იმ კონკრეტულ მომენტში გვაქვს ურთიერთობა. სწორედ მან იცის ყველაზე კარგად, თუ რა ფორმით სჭირდება მას დახმარება და როგორ მოპყრობას ისურვებდა. მნიშვნელოვანია, არ მოგვერიდოს უსინათლო ადამიანთან ურთიერთობა, ვიყოთ გამბედავები, არაგულგრილები, ღიანი სიახლისადმი და მიმღებლები განსხვავებულისადმი, ვითვალისწინებდეთ და ვფიქრობდეთ ადამიანებზე და მათს მრავალფეროვნებაზე. მთავარი კი ჩვენი დამოკიდებულებაა, არ ჩავაყენოთ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არ გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ ჩვენ. და ბოლოს უნდა გვახსოვდეს, რომ უსინათლო ადამიანთან ურთიერთობა პირველ რიგში არის ადამიანთან ურთიერთობა. ის ისეთივე ადვილი და ისეთივე რთულია, როგორც მხედველ ადამიანთან და ზუსტად ისევე აქვს გარკვეული სპეციფიკა, როგორც ნებისმიერ სხვა ინდივიდთან ურთიერთობას.

ესმა გუმბერიძე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფ “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” თანადამფუძნებელი, შშმ პირთა უფლებათა დაცვის აქტივისტი და ერაზმუს პლიუსის პროექტ “Access to social rights for youth through human rights education”/ახალგაზრდების მისაწვდომობა სოციალურ უფლებებზე ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების გზით” კურსდამთავრებული. სწორედ ამ პროექტის/ტრენინგკურსის ფარგლებში მოამზადა ვორქშოფი და ეს სტატიაც.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY