ახალი 5-ლარიანები მიმოქცევაში ძველი 5-ლარიანების პარალელურად იქნება

0
627

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები შევიდა.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

”განახლებული 5 ლარის ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი თანამედროვე დამცავი ნიშნებით, ასევე გაუმჯობესებულია ბანკნოტის ტექნიკური მახასიათებლები და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. დღეს უკვე მიმოქცევაში გვაქვს განახლებული 20, 50, 100 და 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 10 ლარის ბანკნოტს, მისი განახლება მომდევნო პერიოდში მოხდება და ჩვენ მოგვიანებით მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას ამის შესახებ. განახლებული ლარის ბანკნოტებმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ის ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით დასახელდა, როგორც 2016 წლის საუკეთესო ბანკნოტების სერია”, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

მისივე თქმით, ძველი 5 ლარიანი მიმოქცევაში პარალელურად იქნება ახალ 5 ლარიანთან ერთად და დროთა განმავლობაში ბუნებრივი ცვეთის პირობებში ამოვა მიმოქცევიდან.

„5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: პირველ მხარეს – ავერსზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს – რევერსზე, გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – ”მეთევზე წითელ პერანგში” და ”კალო”, ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი, ამავე დროს თანამედროვე დამცავი ნიშნებით, მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობის ნიშნები სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები გამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

20 და 50 ლარის ნომინალის განახლებუი ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, ის მოგვიანებით განახლდება“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

NO COMMENTS