ლევან დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად

0
86

ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის.

„მოსახლეობა თვითონ უნდა იყოს მობილიზებული მავნებელთან ბრძოლის საკითხებში და ჩვენ რა თქმა უნდა მოვამარაგებთ ინფორმაციით, რათა ვიცოდეთ სწორად რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, ეს არის რთული პრობლემა ყველგან, სადაც ეს მავნებელი არის დაფიქსირებული. თუმცა მთავარი გზავნილი არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში, იმ ნაწილში სადაც ჩვენი მოქმედებები იქნება ეფექტური, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ მას. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის.“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა.

დღესვე მინისტრმა დავითაშვილმა ავიაციის შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა და იმ რისკებს გაუსვა ხაზი, რომელიც ავიაციის გამოყენების შემთხვევაში არსებობს.

„ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ეს არის მავნებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავრცელების არეალი. მაგრამ ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ წამლობაზე და აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი დეტალი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და არეალი არის მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ავიაციის გამოყენება არის ძალიან სარისკო. მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, შესაძლოა ავიაციის გამოყენებით შეიწამლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY