ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
127

დიდ 10-ში დაბრუნებულმა რუსთავის ‘ხარებმა’, ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო – ამჯერად თბილისის ‘ლოკომოტივს’ უმასპინძლა და 22:15 სძლია.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ გორის ‘ჯიქთან’, რუსთაველებმა პირველი ტაიმი დათმეს, თუმცა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და მატჩი დასკვნით წუთებში შემოაბრუნეს.

‘ლოკომოტივი’ უპირატესობას ფლობდა სტატიკაში, შერკინებასა და დერეფანში, რისი წყალობითაც ბურთზე კონტროლი დაამყარა და საწყისი 25 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა, მაგრამ ბოლო მეტრების გადალახვა ვერ მოახერხა. ‘ხარები’ კონტრშეტევებზე ხელდახელ უტევდა და ორჯერ ხიფათი შექმნა, თუმცა გაგრძელება არც ამ ეპიზოდებს მოყვა.

21-ე წუთზე მასპინძელთა ბურჯი გიორგი ციცვიძე შერკინებაში ჩავარდნისთვის გასინბინდა, თუმცა კაცნაკლულმა მასპინძლებმა ანგარიში თავად გახსნეს. ‘ხარებმა’ ბურთზე კონტროლი დაამყარა და ხელდახელ შეუტია, მეტოქის 22-ში ვაჟა ხუციშვილმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და დაახლოებით 1-წუთიანი მცდელობის შემდეგ, ლელოში გიორგი ბასილაია შევიდა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა. 33-ე წუთზე ‘ხარებმა’ 10 წუთით ლაშა გოგიაშვილიც დაკარგა და ბექა წიკლაურმა ჯარიმა გაიტანა, დასკვნით 5 წუთში კი, მაყურებელმა 3 ლელო იხილა.

შერკინებაში ‘რკინიგზელთა’ უპირატესობამ შედეგი 36-ე წუთზე გამოიღო, რუსთაველები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ორიოდე წუთში გიორგი შკინინმა ფეხით გადაიკიდა ბურთი, მას ლელოში თავადვე დაეწია და დაამიწა – 7:15, რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო. შესვენებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც გურამ ქანდაურაშვილმა ‘ლოკომოტივის’ 22-ში წარმოქმნილი ქაოსით ისარგებლა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა (12:15).

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა და 77-ე წუთამდე გუნდებმა ქულების აღება ვერ მოახერხეს. მერე ‘ხარები’ გოგიაშვილის ლელოთი დაწინაურდა, რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, სტუმრებს მოგებისთვის ერთი ჯარიმაც ყოფნიდათ, თუმცა თავად დაჯარიმდნენ, ‘ხარებმა’ კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა – მოლი 5 ქულით ერეკლე მაჭარაშვილმა დაასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა (22:15).

წყარო:site.rugby.ge

კომენტარები გამორთულია