რუსთავის მერიაში ნინო იმედაშვილის განცხადებებს პასუხობენ

0
1081

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო იმედაშვილის მიერ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობენ. 

როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ აღნიშნა, იმედაშვილის განცხადებები სიცრუე და აბსურდია.

„ქალბატონი ნინო იმედაშვილი უბრალოდ ცრუობს და ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვის და რაც უფრო დიდ ციფრებს დაასახელებს, უფრო მოიგებს ამომრჩევლის გულს და უფრო მეტ ხმებს მიიღებს. მაგალითად, ის კორუფციაში გვდებს ბრალს და აცხადებს, რომ თანხები დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამას ვერ ხედავს ვერც რუსთავი და ვერც ქალბატონი ნინო. თუ ქალბატონი ნინო ვერ ხედავს 433 გადახურულ სახურავს, 128 კილომეტრ სამანქანო გზას, 569 შიდა ეზოს, სადაც ასფალტის საფარი დაიგო, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, 55 ეზოს, სადაც მინი სკვერებია მოწყობილი, 50 სპორტულ მოედანს, რომელთაგანაც 36 წელს დასრულდება, თუ ქალბატონი ნინო ვერ ხედავს კოსტავას გამზირს, კულტურისა და დასვენების პარკს და ა.შ. ახლა ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, რაც ამ 4 წელიწადში გაკეთდა, ეს არის მისი პირადი პრობლემა და არა მუნიციპალიტეტისა და რუსთაველების“, – განაცხადა თამარ აქუბარდიამ.

მისივე თქმით, იმედაშვილი აპელირებს პრემია-დანამატების თემით, რაც არა ახალი ხელისუფლების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაიცა რუსთავის თვითმმართველობაში.

„ძალიან დიდი თხოვნით მივმართავთ ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, თავი შეიკაოს ცრუ ბრალდებებისგან, რადგან ის, რომ ცრუობს, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ დოკუმენტურად“, – დასძინა თამარ აქუბარდიამ.

დღესვე, ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, პრემია-დანამატებისა და ბიუჯეტიდან განხორციელებული პირდაპირი და გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით განხორციელებული შესყიდვების თემებზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მამუკა მამაიაშვილიც გამოეხმაურა. მამაიაშვილის განცხადებით, ნინო იმედაშვილს აშკარად აერია „ნაციონალური მოძრაობისა“ და დღევანდელი ხელისუფლების პერიოდები და აქედან გამომდინარე ის ციფრებიც, რაც რეალურადაა.

,,პირველი საკითხი, რითაც აპელირებს ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ეს არის პრემია-დანამატები. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, 2013-2015 წლებში სულ გაცემულია 3,6 მილიონი ლარის პრემიე-დანამატი და აქედან 2,8 მილიონი გაცემულია წინა მოწვევის საკრებულოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, რომელიც მთლიანი გაცემული თანხის 76%-ს შეადგენს. 2013-2014-ის ივლისის ჩათვლით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებიდან წასვლამდე, 2014 წლის ივლისამდე, თითქმის მთლიანი ფონდი ამოწურა. 

შესყიდვების თემას რაც შეეხება, 2014-2017 წლებში, სულ 56 მილიონ 090 ლარის ხელშეკრულებებია გაფორმებული, აქედან გამარტივებული და გადაუდებელი გზით, სულ ჩვენს პერიოდში 1 მლ 942 ათასი ლარის არის, აქაც ნახევარზე მეტი გამარტივებული შესყიდვები, მთავრობის განკარგულებებითაა განხორციელებული. ხაზის გასმა მინდა იმ გარემოებაზე, რომ თუ არ არის მართლაც გამოუვალი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მთავრობას ვთხოვთ თანხმობას გამარტივებულ და გადაუდებელი წესით შესყიდვებზე. ასეთი კი მხოლოდ როგორც ავღნიშნე ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არის 1მლ 942 ათასი ლარის, რაც მთლიანი თანხის მხოლოდ 3,46%-ია. ისე უბრალო შედარებისთვის წარმოგიდგენთ 2012-2013 წლებში გაფორმებული გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ნაციონალური მოძრაობის დროს, ეს ჯამში შეადგენს 9 მლ 200 ათასს. ქალბატონ ნინოს აერია პერიოდი აშკარად, რასაც ჩვენ გვაბრალებს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა და ცხოვრების წესი, რაც ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ“, – განაცხადა რუსთავის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა დოკუმენტი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია გამოითხოვოს, მიიღოს ეს ინფორმაცია და თავადვე დარწმუნდეს, იმაში, რომ ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი სიცრუით აპელირებს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY