7-8 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ს აღნიშნავს

0
168

დღესასწაული, რომელიც თქვენია, დღესასწაული, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ- 7-8 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ს აღნიშნავს. ღონისძიებები საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს მიძღვნება.
ორდღიანი ღონისძიებები დატვირთული იქნება , როგორც კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებებით, ასევე გაიმართება საინტერესო პრეზენტაციები.
სახალხო ზეიმს 11:30 საათზე ისტორიულ უბანში (სააკაძის ქუჩაზე) ოფიციალურად გახსნიან ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი.
სახალხო დღესასწაულის საზეიმო გახსნაზე 7 ოქტომბერს გერმანიის სამხედრო ორკესტრი ბოლნისის ქუჩებში მოაწყობს მსვლელობას, შემდეგ კი ყოფილი ევანგელისტური ეკლესიის წინ შეასრულებს ცნობილ მარშებს, ასევე სვინგის, ჯაზის მელოდიებსა და კინომუსიკას.
7 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ქართველი და გერმანელი ხელოვანები წარმოადგენენ თეატრალურ დადგმებს, გამართავენ კონცერტებს და მოაწყობენ გამოფენებს.
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში ქართული ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“, რომელსაც გერმანიის საელჩო საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სპეციალური პროექტის ფარგლებში აფინანსებს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე წარმოადგენს პროგრამას „სიყვარული ყველაფერია“ და მოიცავს გერმანულ მუსიკას ბახიდან რამშტაინამდე.
ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე გელით ტრადიციული მუსიკის მიმართულების კონცერტი, რომლის დასრულებისთანავე ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ბავშვებსა და ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა თამაშში.
7 ოქტომბრის ღონისძიებებს ჯგუფ ,,REGGAEON”-ის გალა კონცერტი დააგვირგვინებს.

საზეიმო ღონისძიებები დატვირთულია 8 ოქტომბერსაც. პროგრამის ფარგლებში მოხდება რამდენიმე მემორიალური დაფის გახსნა. ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი აღასრულებს ღვთისმსახურებას გერმანელი კოლონისტების მოსახსენიებლად. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი კოლონისტების გერმანიიდან ჩამოსულ შთამომავლებთან ერთად გამართავს ფორუმს, რომელზეც საუბარი იქნება კოლონისტების ისტორიაზე, გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და სამშობლოზე. ფორუმზე ასევე ნაჩვენები იქნება გერმანული მაუწყებლის „Südwestfunk“-ის ფილმი „სოფლები ევროპაში: კატარინენფელდი“.
დღის მეორე ნახევარში გაიმართება ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას წიგნის პრეზენტაცია „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“, რის შემდეგაც ბოლნისის მუნიციპალური თეატრი წამოადგენს ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას.
არ გამოტოვოთ დაგეგმილი ღონისძიებები- ,,ბოლნისქალაქობა 2017“ თქვენი დღესასწაულია.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY