ბოლნისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

0
366

დღეიდან დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მმართველი გუნდის კანდიდატმა, განვლილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ბოლნისის ამომრჩეველთა 85, 59 % მოიპოვა. დავით შერაზადიშვილი 2016 წლიდან დღემდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი გახლდათ. მანამდე კი 2 წლის განმავლობაში გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
როგორც აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები კარგად იცის და გუნდური მუშაობის შედეგად მათი გადაჭრის გზებიც აქვს დასახული.
დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით ჩემო ბოლნისელებო, დღეიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქმიანობას გავაგრძელებ მერის რანგში. ეს იქნება ჩემი მოღვაწეობა თქვენთვის, ხალხისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა.
ვიყო არჩეული მერი ნიშნავს დაუღალავ შრომას, იმ საკითხების ძირეულად მოგვარებას, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ბოლნისში უამრავი რამ გაკეთდა, ვიცით, რომ ბევრი პრობლემაც არსებობს. ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი 4 წლიანი სამოქმედო ხედვა , რომელიც ეტაპობრივად რეალურად განხორციელებულ პროექტებში აისახება.
მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, ვინც სხვა არჩევანი გააკეთა. ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ გარკვეულ ნაწილებად, ჩვენ ვართ გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა ხალხზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი გარემოს შექნაა.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული მმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მჯერა, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!” – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დავით შერაზადიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები გამორთულია