რატომ შეფერხდა სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი თბილისი – რუსთავის მარშუტკების გადაადგილება

0
405

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი თბილისი – რუსთავის მარშრუტზე კომპანია ,,ინტერტრანსის“ სამარშრუტო ტაქსები დილიდან შეფერხებით გადაადგილდებოდნენ. ამის მიზეზი მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის დღიურ გადასახადთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა გახდა.

კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლის, სოფო ცერცვაძის განცხადებით, ზაფხულში მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს უმცირებენ, სექტემბრიდან კი კვლავ ძველ გადასახადს უბრუნდებიან. სწორედ კომპანიის მხრიდან ყოველდღიური გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნება გახდა მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი და ისინი გაიფიცნენ, კომპანიამ კი მათ შრომითი ხელშეკრულება გაუუქმა.

,,ამ დრომდე, სექტემბერი, ოქტომბერი და უკვე ნოემბერი სრულდება, მძღოლები არ დაუბრუნდნენ ძველ ტარიფს, იხდიდნენ ისევ ზაფხულის ტარიფის შესაბამისად. კომპანიის ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის რამდენჯერმე იყო შეხვედრა, ასევე რამდენჯერმე მიიღეს მათ სიტყვიერი გაფრთხილება, თუმცა არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მძღოლს, რომელიც არის აღნიშნულ ხაზზე დასაქმებული შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულება. კომპანია ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მგზავრებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას“, – განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

აღნიშნულ მარშრუტზე სულ 35 ე.წ ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს. ამ დროისთვის მგზავრთა გადაყვანის პროცესი აღდგენილია, თუმცა კონსენსუსი მიღწეული არ არის.

კომენტარები გამორთულია