„ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის“

0
611

26 ნოემბერს, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლის დარბაზში „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა ორგანიზაციის“ (,,INDEPENDENT CHILDREN & STUDENTS UNION”) ინიციატივითა და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, თემით – „ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის“. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაესწრო.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მათი სოფლისა თუ ქალაქის ყოფა-ცხოვრება გააცნეს. განიხილეს რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს ახალ თაობაში არსებულ პრობლემებსა და გამოსავალის ძიებაზე. აღნიშნულ საკითხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე გამოეხმაურა:

„არსებულ პრობლემებზე საუბარი და გამოსავალის ძიება მისასალმებელია…  ამიტომ, გთხოვთ თითოეულ ინიციატივაზე  მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართოთ.  განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებით.“

გაცნობებთ, რომ  „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა ორგანიზაცია“ არაფორმალური განათლების კომპლექსურ პროგრამას „მე გხედავ შენ“ (I see you) ახორციელებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ზამთრის ბანაკისთვის  საქართველოს მასშტაბით აქტიურ ახალგაზრდებს ეძებს, რომლებიც ურეკში, ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ზამთრის ბანაკში 100-დან 120-მდე მოსწავლე გაემგზავრება.

NO COMMENTS