საიუბილეო პრემიერა და სამი ვარსკვლავი რუსთავის თეატრის წინ

0
1003

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დაარსებიდან 50 წელი შესრულდა.
საიუბილეო საღამოს ფარგლებში, თეატრის განახლებულ ,,ცისფერ დარბაზში’’ ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის პიესის ,,კვარტეტი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. პიესის ქართული ვერსიის ავტორი თამაზ გოდერძიშვილი, სპექტაკლის რეჟისორი კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა.
სპექტაკლში ,,კვარტეტი“ რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი მონაწილეობდნენ.

საპრემიერო ჩვენების დაწყებამდე, თეატრის ფოიეში რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობისა და წლების მანძილზე, ამავე თეატრის დირექტორის – ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნის ავტორი თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუაა.

საიუბილეო საღამოს დასასრულს, თეატრის შესასვლელში, საზეიმოდ გაიხსნა რუსთავის თეატრის დამფუძნებელი 3 მსახიობის – ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავები.

ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო-რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თეატრალური საზოგადოებისა წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

NO COMMENTS