რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონზე ,,საფეხბურთო ფესტივალი’’ გაიხსნა

0
152

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ა(ა)იპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის’’ და არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონზე ,,საფეხბურთო ფესტივალი’’ გაიხსნა.

ღონისძიების გახსნას, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დავით იშხნელი, ბონდო მამულაშვილი და გიორგი ჭანტურია დაესწრნენ.
დეპუტატებმა ,,საფეხბურთო ფესტივალის’’ მონაწილეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

ტურნირში თბილისის, რუსთავისა და ფოთის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობენ.
სპორტსმენების გარდა შეჯიბრში, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილები და მზრუნველობას მოკლებული მოზარდებიც ასპარეზობენ.

სამდღიანი ტურნირის ფინალური ეტაპი და საზეიმო დახურვა 10 დეკემბერს, ,,ფოლადის’’ სტადიონზე გაიმართება. შეჯიბრის ყველა მონაწილე სიგელით, გამარჯვებული გუნდი კი სპეციალური თასით დაჯილდოვდება.

,,საფეხბურთო ფესტივალის’’ მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მზრუნველობას მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

კომენტარები გამორთულია