ირაკლი ტაბაღუა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობას შეხვდა

0
592

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან, დავით კეკელიძესა და გოჩა ლორიასთან ერთად, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ცხადაძეს, კომპანიის დირექტორს ოპერაციული მართვის დარგში, მამუკა კიკალიშვილსა და ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის მოადგილეს, თემურ ჯანელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალაქის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარების გზები და წყალარინების სისტემის მოწესრიგების საკითხები განიხილეს.
რუსთავის მერმა განსაკუთრებული ყურადღება ავარიული დაზიანებების სიხშირის, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვის საკითხებზე გაამახვილა და კომპანიის წარმომადგენლებისგან აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ,,რუსთავის წყალის’’ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

მომავალ წელს,რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია 5 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ,,რუსთავის წყალის” წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე შეიძინეს სპეციალური მანქანაც, რომელიც ქალაქში წყალარინების ქსელის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.

,,ჩვენ განვიხილეთ 2017 წელის პროექტები და ცალკე ჩამოვყალიბდით, იმაზე, რომ ის სამუშაოები, რომელიც კომპანიას მიმდინარე წელს აქვს განხორციელებული და 2018 წელს დაგეგმილი, პროექტები, რითაც უნდა გაუმჯობესდეს ქალაქის წყალმომარაგება ( კომპანია ვალდებულია მოსახლეობის წინაშე 24 საათიან წყალმომარაგების გრაფიკზე), მოხდება ამის პრეზენტაცია. განვიხილეთ ასევე ბიუჯეტის ის პარამეტრები, რასაც განახორციელებს მუნიციპალიტეტი და ერთობლივად მოხდება ძველი სისტემების ჩანაცვლება ახლით. კომპანია აკონკრეტებს იმ ქუჩებს, სადაც ჩატარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან ერთად, მათ აქვთ ურდულების პროგრამა, რომლის გახორციელება საშუალებას მისცემთ, ავარიული დაზიანების შემთხვევაში, მთელ ქალაქს კი არ შეუწყდეს წყალმომარაგება, არამედ კონკრტულ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისა და ჩვენი მოსახლეობისათვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშროლობასა და აქტიურ კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს რუსთავის წყალმომარაგებაში წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორება.

NO COMMENTS