ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „რეაქციაში” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
1994

გვინდა გამოვეხმაუროთ 12 დეკემბერს ტელეკომპანია TV პირველის გადაცემა ,,რეაქცია“-ში გასულ სიუჟეტს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში მცხოვრები 10 შვილიანი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას ასახავდა.
ვეფხვია ღვალაძის ოჯახი ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური დახმარების სახით, 780 ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, ოჯახის ერთი არასრულწლოვანი წევრი ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესით ხელმძღვანელობს, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი.
პროგრამის ფარგლებში, ვეფხვია ღვალაძის ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დახმარების სახით, 2016-2017 წლებში მიღებული აქვს 19 998 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
2016 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით.
2016 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3000 ლარი 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ( ძროხა) შესაძენად.
2017 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
2017 წელს 300 ლარი მედიკამენტების შესაძენად.
2017 წელს 225 ლარი სამკურნალოდ.
2017 წელს საცხოვრებელი სახლისა და სახურავის რეაბილიტაციისათვის 14 900 ლარი.
გარდა ამისა 2016 წელს ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საშეშე მერქნითაც დაეხმარა.
აქვე გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს უფასო სასადილო, სადაც ყოველდღიურად 400-მდე ბენეფიციარი იკვებება. ვეფხვია ღვალაძის ოჯახს, პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისთვის არ მოუმართავს.
ვეფხვია ღვალაძემ გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციასთან მჯდომარე აქცია გამართა , რასაც საქართველოს მთავრობა ოფიციალური პასუხით გამოეხმაურა.
,,რაც შეეხება მრავალშვილიან ვეტერან ვეფხია ღვალაძეს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე აქციას მართავს დასაქმების, თბილისში ბინების დაკანონების, ავეჯით უზრუნველყოფისა და მსხვილფეხა საქონლის შესყიდვის მოთხოვნით, სახელმწიფომ დახმარება მას რამდენჯერმე გაუწია. ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ბოლნისის რაიონში ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და სახლის მფლობელია. ისინი სახელმწიფოსგან თვეში 1000 ლარამდე დახმარებას იღებენ. ბოლნისის გამგეობა, მრავალშვილიან ოჯახს სახლს ურემონტებს და პირველადი მოხმარების საგნებითა და ავეჯით უზრუნველყოფს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, მას ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც შეუძინა. გარდა ამისა, ვეფხია ღვალაძის მეუღლემ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან მიიღო ფულადი კომპენსაცია ბინისთვის, 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ღვალაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, საჭიროებებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროგრამითაც სარგებლობს.

ვეფხია ღვალაძემ, როგორც ვეტერანმა, მიიღო შეთავაზება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელზეც მისი თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი იქნებოდა, თუმცა მან სამსახურის დაწყებაზე უარი განაცხადა. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ვეფხია ღვალაძეს რამდენჯერმე ფულადი დახმარებაც გაუწიეს.
ამასთან ერთად, ვეფხია ღვალაძე ფონიჭალასა და ვაზიანში მდებარე ორი სახლის მის მფლობელობაში გადაცემას, დაკანონებას ითხოვს. ფონიჭალაში მდებარე ე.წ სამხედრო დასახლებაში ვეფხია ღვალაძე უკვე მრავალი წელია ცხოვრობს, საიდან გამოსახლების საფრთხეც მას არ ემუქრება. ვაზიანში კი, ღვალაძეს დაკავებული აქვს ბინა ლტოლვილებისთვის აშენებულ კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და საცხოვრებლად საშიშია. აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, შესაბამისად, საცხოვრებლად საშიში სახლის დაკანონება დავის დასრულებამდე შეუძლებელია.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის პროცესში, მას შემდეგ, რაც მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დახმარება შესთავაზეს, ვეფხია ღვალაძემ ასევე შეცვალა მისთვის 100 თხისა და 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მოთხოვნა და სახელმწიფოს ტრაქტორის გადაცემა და ჯართის შეგროვების ნებართვა სთხოვა. თუმცა, მას განემარტა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ტრაქტორები არ აქვს და ჯართის შეგროვებაზე ნებართვის გამცემიც არ არის.
ამასთან, ვეფხია ღვალაძემ უარი განაცხადა ერთ-ერთი ბიზნესმენის შეთავაზებაზე, რომელმაც, საკუთარი ინიციატივით, მრავალშვილიანი ოჯახისთვის 10 თხისა და ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა გადაწყვიტა.
მთავრობის ადმინისტრაცია პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკიდურესი ფორმების გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალება არ არის“,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში

კომენტარები გამორთულია