რუსთაველი სტუდენტებისთვის მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის დაწესების პროგრამაზე მუშაობა იწყება

0
940

რუსთავის მერია რუსთაველი სტუდენტებისთვის მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის დაწესების პროგრამაზე იწყებს მუშაობას
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან ერთად, დღეს რუსთაველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს წევრები ამირან ჯანჯღავა, გიგა ჯღარკავა და გიორგი ჭანტურიაც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის იმ ინიციატივის გაცნობა იყო, რომელიც სტუდენტური ტარიფის შემოღებას ისახავს მიზნად. როგორც ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი სოციალური პაკეტი, ჯერ განხილვის სტადიაშია და ქალაქის მუნიციპალიტეტი, პროგრამის ფორმატის შესახებ შემოთავაზებებს, თავად სტუდენტებისგან ელოდება. ,,პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები იმ ბაზას შექმნიან, რომელზეც შემდგომში გათვლილი იქნება ახალი სოციალური პროგრამა. ვფიქრობ, ამ სოციალური პაკეტის შემუშავებაში, თავად უნდა მიიღოთ მონაწილეობა და იდეებიც, თქვენგან უნდა წამოვიდეს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პროგრამაზე მუშაობის პროცესში, სწორედ სტუდენტებს გთხოვოთ დახმარება და გადაწყვეტილებაც თქვენთან შეთანხმებით მივიღოთ“ –განაცხადა რუსთავის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას სამუშაო ფორმატი ჰქონდა, ,,ვფიქრობ, პირველად ხდება, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი დახმარებას თხოვს მოქალაქეებს იმისთვის, რომ შემდგომ თავად შეძლოს მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევა. ჩვენ აუცილებლად დაველოდებით სტუდენტებისგან წამოსულ შემოთავაზებებს და გადაწყვეტილებასაც მათთან ერთად მივიღებთ“–განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სტუდენტებთან ანალოგიური შეხვედრები რუსთავის მერიაში უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება.

კომენტარები გამორთულია