ქართველი დრამატურგების გერმანულენოვანი კრებული

0
108

ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი მსოფლიოში, თარგმანების მომრავლების წყალობით, თანდათან იზრდება. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგი უფრო მასშტაბურად გამოვლინდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე; მანამდე კი, გერმანულენოვან მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ახალ კრებულს, სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი დრამატურგების პიესებიდან ამოღებული ფრაგმენტებია გაერთიანებული.

კრებული Next Stage Europe 3 ფინალური ეტაპი აღმოჩნდა პროექტის, რომელსაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს.  2017 წელს ორგანიზებული Next Stage Europe 3-იც თანამედროვე დრამატურგიის განვითარებისთვის ხელის შეწყობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართულობას ისახავდა მიზნად. მისი განხორციელების იდეა

გერმანიაში უცნობი აღმოსავლეთ ქვეყნების ავტორების იდეების, კონცეფციებისა და დრამატურგიული ტექსტების გაცნობასა და მრავალმხრივი დისკუსიის წარმართვას ემყარება. პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ავტორებს შორის ხანგრძლივი კონტაქტების დამყარებას და გერმანული თეატრების წარმომადგენლების დაინტერესებას.

კრებულის გამოსაცემად მომზადებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან – საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან – შეირჩა 12 დრამატურგი. მათ მიერ შემოთავაზებული პიესებიდან გერმანულ ენაზე ითარგმნა ნაწყვეტები, რომლები ოთხივე ქვეყანაში ცალ-ცალკე ორგანიზებული ვორქშოფების ხელმძღვანელებმა წაიკითხეს.

მარია სალაცარის, მიშელ დეკარის, ოლგა გრიაზნოვას და იონას ლუშერის მიერ ჩატარებული სამდღიანი ვორქშოფების ფარგლებში, ქართველმა (იოსებ ბაკურაძე, მაკა კუკულავა, გურამ მაცხონაშვილი, ლილე შენგელია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი ცხადაია), სომეხმა (ანა დავთიანი, ანუშ კოჩარიანი, მაიკ გალსტიან ცოლაკი, ანუშ ასლიბეკიანი, დავით ხაჩიიანი, სტელა ლორეციანი), აზერბაიჯანელმა (ჟალე ისმაილი, ორხან ბაჰადირსოუ) და რუსმა (სანკტ პეტერბურგი – კარინა ბესოლტი, ნატაშა ბორენკო, ასია ვოლოშინა, მაშა ოგნევა, იულია ტუპიკინა, ნოვოსიბირსკი – სერაფიმა ორლოვა, ეკატერინა გალიამოვა, კრისტინა კარმალიტა, ეკატერინა გილევა) დრამატურგებმა წარმოდგენილ პიესებზე კომპლექსურად იმუშავეს.

პროექტის მონაწილეებიდან, პიესების მიხედვით, შეირჩა რამდენიმე (მაგალითად, საქართველოდან: მაკა კუკულავა, ლილე შენგელია, გურამ მაცხონაშვილი და ირაკლი ცხადაია), რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალზე მიწვეული სტუმრების (დაახლოებით 4 ათასი ადამიანი) თანდასწრებით წარ(მო)ადგინეს და განიხილეს კიდეც. ამით გერმანულენოვან საზოგადოებას კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნა ოთხივე ქვეყნის ყოფასა და ყოველდღიურობაზე. პოტსდამის ჰანს ოტოს თეატრის გარდა, პროექტის მონაწილეები ბრანდენბურგისა და ბერლინის მოქმედ თეატრებსაც ესტუმრნენ.

Next Stage Europe-ის პარტნიორები არიან: ჰააკის ბიურო პოტსდამში, რომელიც ასევე პოტსდამის ლიტერატურის ფესტივალის კურატორია (www.litpotsdam.de), ხოლო ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კარინ გრაფის ლიტერატურული სააგენტო.

კომენტარები გამორთულია