ირაკლი ტაბაღუამ პოლონეთში ვიზიტი შეაჯამა

0
437

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და პოლონეთში, გასული კვირის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
შეხვედრას მერის მოადგილეები – დავით კეკელიძე, გოჩა ლორია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
რუსთავის მერმა ვრცლად ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში გამართული ოფიციალური შეხვედრების შესახებ, პოლონურ მხარესთან, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და შეხვედრის მონაწილეებს, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებული ქალაქის განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია გააცნო.

რუსთავის განვითარების ინოვაციური გეგმა სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს სპორტული მოედნების მოწყობა-მშენებლობასა და ტურნირების გამართვას, ქუჩების მიმართულებების მანიშნებლების მომზადებას, არქიტექტურული კონკურსების მოწყობას, ქალაქის განვითარების საკითხებზე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორთან საკონსულტაციო შეხვედრებს, მერიასა და რუსთავის საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, უცხოური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა რუსთავში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა.
დელეგაციამ 21-26 იანვარს, პოლონეთის ქალაქებში: ლოძში, სტალოვა ვილასა და ლიუბლინში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. დელეგაციის წევრები პოლონეთის რესპუბლიკაში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, რევიტალიზაციისა და ურბანული განვითარების პოლიტიკას, აღნიშნული ქალაქების ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ, დაათვალიერეს ადგილობრივი საწარმოებიც.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში – „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ.

NO COMMENTS