ევროკავშირი ბოლნისის, გორისა და თბილისის მუნიციპალიტეტებისთვის 1.4 მილიონ ევროს გამოყოფს

0
485

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- ასე ჰქვია ევროკავშირის საპილოტე პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 7 თებერვალს, სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართება.

ევროკავშირი გრანტის სახით, სამი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად ბოლნისის, გორისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებისთვის 1.4 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული სამი საგრანტო კონტრაქტი.

მუნიციპალიტეტები ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2017 წლის ბოლოს შეარჩია.

მერები ეკონომიკური ზრდისთვის ევროკავშირის ახალი ინიციატივაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელმაც ოპერირება  2017 წლის იანვარში დაიწყო.

ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მერებს და მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში მათ მუნიციპალიტეტებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, კარლო ნატალე, რომელიც ევროკავშირის მიერ გამარჯვებული პროექტების განხორციელებისას მხარდაჭერის აღსანიშნავად გრანტის მიმღებ მუნიციპალიტეტებს სამახსოვრო სიმბოლოებს გადასცემს.

ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მაღალი თანამდებობის პირები გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტებიდან, ევროკავშირის კომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ბიზნესგაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის წარმომადგენლები.

საქართველოში დაფინანსებული მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტებია:ბიზნესაქტივობებისთვის ეფექტური პლატფორმის შექმნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაფართოება მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, გორის მუნიციპალიტეტი;ბიზნესაქსელერატორის შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის თბილისში, თბილისის მუნიციპალიტეტი.

NO COMMENTS