ახალი ქართული ფილმი – უარყოფითი რიცხვები

0
838

უარყოფითი რიცხვები” ახალი ქართული ფილმია, რომლის გადაღებები ახლახან დასრულდა. პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და ქართულ-ფრანგულ-იტალიური თანაწარმოებაა, რომლის პრემიერა სავარაუდოდ შემოდგომაზე შედგება.

ფილმში მოთხრობილი ისტორია ნამდვილი ამბებითაა ინსპირირებული. მორაგბეები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულებს რაგბს ასწავლიდნენ და მათი ციხეში მოხვედრის ისტორიებს ისმენდნენ. გაჩნდა იდეა, რომ ამ ისტორიების საფუძველზე შექმნილიყო ფილმი, რომელიც საზოგადოებას დააფიქრებდა არასრულწლოვნების ინტეგრაციის პრობლემებზე, ფიზიკურ და გონებრივ ტყვეობაზე და სპორტზე, როგორც ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენის საუკეთესო საშუალებაზე.

როგორც “უარყოფითი რიცხვების” ავტორები ამბობენ, ფილმში საუბარია თემებზე, რომელიც იშვითად ხდება  ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი.  ესაა ციხეში მოხვედრილი არასრულწლოვანი ბიჭების ცხოვრება ჩაკეტილ, სტრუქტურირებულ სისტემაში – ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად შეზღუდულ გარემოში, ფუნქციაზე დაფუძნებული არქიტექტურით, რეგლამენტირებული ყოველდღიურობით, სპეციფიკური შინაგანაწესით, ქცევის კოდექსით და პროგნოზირებადი ურთიერთობებით. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა იმ გზის რეალურობა, რომელსაც ფილმის მთავარი პერსონაჟი (მსახიობი – სანდრო კალანდაძე) ფიზიკურად არათავისუფალ სივრცეში,  შინაგანი თავისუფლების მისაღწევად გადის.

ფილმის რეჟისორი რუსთაველი უტა ბერიაა.

NO COMMENTS