გოგი მეშველიანი-ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში

0
419

“ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში”- განაცხადა გოგი მეშველიანმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს, რომელიც სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, RMG COPPER-სა და კომპანია RMG GOLD-ს დაბა კაზრეთში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში დარღვევები უფიქსირდებათ. მისი თქმით, სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები სხვადასხვა ტიპისა და მიმართულებისაა.

“პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ლევანს, წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო აღიარებს, რომ ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და სამართლებლივად ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმა მოგვცემს საშუალებას , გარემოსდაცვითი სტანდარტები დარეგულირდეს ევრო დირექტივების შესაბამისად და მივაღწიოთ გაცილებით მაღალ სტანდარტებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი .ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა პროცესში მონაწილე არცერთ მხარეს არ მიეცეს მოდუნების საშუალება. ჩემთვის დეტალურადაა ცნობილი არსებული ვითარება , მინდა ავღნიშნო რომ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მოგვარების კუთხით თუმცა, ძალიან ბევრი სამუშაოა და იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა მოქვცემს შესაძლებლობას, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.”-განაცხადა გოგი მეშველიანმა

„ყველა მიმართულებით არის პრობლემები, შენიშვნები. ამაზე იმუშავა სამინისტრომ. დეტალურად გრაფიკი გვაქვს შედგენილი, თუ რა უნდა გამოსწორდეს და როგორ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და გვინდა გამოვასწოროთ ის სიტუაცია, რომელიც იქ არის. სამინისტროს დასკვნა ორივე კომპანიას გადაეგზავნა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიების საქმიანობის შედეგად, გამოიკვეთა ზემოქმედება წლის რესურსებზე, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე.

მინისტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის და RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში, კომპანიებს მიეცათ მითითება, რომ უპირველესად საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება აღმოფხვრან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებითაც. შესაბამისად, მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა.

ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან მდინარის ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევა.

„როდესაც სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9 თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის დროში გაწერილ ვადებში, ორივე კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს და ეტაპობრივად, 2020 წლის 31 მარტამდე, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, კომპანიებმა ერთი თვის ვადაში სამინისტროს უნდა წარუდგინონ დეტალური ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც RMG Cooper და RMG Gold სამინისტროს მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საკითხის განხილვას პარლამენტარების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მინისტრმა ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, დამსწრეთა მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

განხილვა მწვავე დებატების ფონზე გაგრძელდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო წლების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფონზე RMG GOLD არ ცვლის მუშაობის სტანდარტებს და გარემოს დაბინძურების მასშტაბები მუდმივად იზრდება. მათი შეფასებით, დაუშვებელია RMG GOLD-ს მიეცეს ბნელ ხევში ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების უფლება, ვინაიდან განადგურდება ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარე ტყეების დიდი მასივი. არ არის დადგენილი ძეგლებზე აფეთქებებით გამოწვეული საფრთხეც და ამასთან ის, თუ რა ზიანი მიადგება ფიტარეთის მონასტრის ფრესკებს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ფერფლით. „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

„კომიტეტზე მთავარი მიზანი იყო მოგვესმინა მინისტრისთვის, სადაც დეტალურად მოვისმინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შემუშავებულია კონკრეტული გეგმა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ყველა ზიანის აღმოსაფხვრელად. განხორციელდება ძალიან მკაცრი მონიტორინგი იმაზე, რომ კომპანიამ შეასრულოს ყველა ვალდებულება, რადგანაც ზიანი სახეზეა და აუცილებელია, რომ ამაზე რეაგირება მოხდეს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ კონტროლს იმაზე, რომ სამინისტრომ ამ გეგმის მიხედვით პასუხი მოსთხოვოს კომპანიას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საკომიტეტო მოსმენის შეჯამებისას.

NO COMMENTS