“ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულმა სტუდია “ამერ-იმერმა” საქართველოს სხვადასხვა კუთხე აამღერა

0
695

“ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულმა სტუდია “ამერ-იმერმა” საქართველოს სხვადასხვა კუთხე აამღერა

,,ამღერებული ამერ-იმერი“ – ასე ქვია პროექტს, რომლის ეგიდითაც, ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია ამერ-იმერის წევრებმა ეთნოგრაფიული სპექტაკლი ,,ჭეჭეთობა ღამე“ წარმოადგინეს . ამ დროისათვის ბოლო საღამო 23 მაისს , კასპის კულტურის ცენტრში გაიმართა.

საღამოს ადგილობრივ მაყურებელთან ერთად საპატიო სტუმრები ყავდა. ერედვიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები – სოფლიდან, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რამდენიმეჯერ დაიბომბა რუსეთის ბომბდამშენების მიერ და მას შემდეგ მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან. დღეს კი ეს ადამიანები კომპაქტურად ჩასახლებულნი არიან კასპის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, უკვე 10 წელია….

სცენაზე პროექტმა – “ამღერებული ამერ-იმერი” ერთად დააყენა სტუდია “ამერ-იმერის”, კასპის სალოტბარო სკოლის, კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საეკლესიო სიმღერა-გალობის გუნდის აღსაზრდელები და ერედვიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები!

ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია ამერ-იმერის ინიციატივით 2018 წელს დაგეგმილია პროექტი „ამღერებული ამერ-იმერი“, რომლის ფარგლებშიც, სტუდიის აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ და ადგილობრივ ბავშვთა ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად გამართავენ კონცერტებს, სტუდია დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს მითოლოგიურ სპექტაკლს „ჭეჭეთობა ღამე“, ხოლო ადგილობრივი ჯგუფები საკუთარ შემოქმედებას.

პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ქართული ხალხური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში სპექტაკლი უკვე იხილა: ქუთაისის,ფოთის,რუსთავის,ბოლნისის,დედოფლისწყაროს და კასპის მაყურებელმა.

სტუდია  ,,ამერ იმერი“ 1991 წელს დააარსა ცნობილმა ეთნომუსიკოლოგმა, ანსამბლ „მთიების“ ხელმძღვანელმა – ედიშერ გარაყანიძემ, მეუღლესთან, ენათმეცნიერ ნინო ბაღათურიასთან ერთად.

26 წლის განმავლობაში „ამერ-იმერმა“ მრავალი თაობა აღზარდა.

„ამერ-იმერი“ ფოლკლორულ წარმოდგენებს მართავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.   

2016 წელს, სტუდიის დაარსებიდან 27  წლის იუბილესთან დაკავშირებით აღსაზღდელებმა აღადგინეს ქართულ მითოლოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებული ფოლკლორული წარმოდგენა „ჭეჭეთობა ღამე“. სპექტაკლი ნინო ბაღათურიას სცენარის მიხედვით „ამერ-იმერის“ პირველმა თაობამ  მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა. ამჯერადაც სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. სპეციალისტების, ეთნომუსიკოლოგების და გულშემატკივრების აზრით, „ჭეჭეთობა ღამე“ ყველა ბავშვმა უნდა ნახოს. სწორედ ამიტომ, სასწავლო პროგრამასთან ერთად, სტუდიამ მიზნად დაისახა  შემოიაროს საქართველო და მათი შემოქმედება რეგიონებშიც წარადგინონ.

NO COMMENTS