ქალაქ ბოლნისში საზეიმოდ გაიხსნა N2 საბავშვო ბაღი

0
268

დღეს, ქალაქ ბოლნისში საზეიმოდ გაიხსნა N2 საბავშვო ბაღი. წითელი ლენტი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა გაჭრეს.

საბავშვო ბაღი, სადაც მანამდე სკოლამდელ განათლებას 4 ასაკობრივ ჯგუფში 90 აღსაზრდელი იღებდა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 6 ასაკობრივ ჯგუფში 160 აღსაზრდელს დაიტევს.

ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით ბოლნისში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. არსებული 12 ბაღიდან 10 სრულად რეაბილიტირებულია,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენი მომავალი თაობების აღზრდაზე, სწორად განვითარებასა და წინსვლაზე. გარემოს, სადაც ბავშვის აღზრდა ხდება უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მით უფრო, როცა ესთეტიკურად ასე მოწესრიგებულია აქაურობა. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია არამარტო ბავშვებისთვის, არამედ აღმზრდელებისთვისაც. რა თქმა უნდა დარჩენილი 2 ბაღის რეაბილიტაცია მომავალ წელს განხორციელდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS