Facebook-ის ჩატში გაგზავნილი შეტყობინების წაშლას მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეძლებთ

0
203

Facebook-ის მესენჯერში ჩატში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის შესაძლებლობა გაჩნდა. სოცქსელის ცნობით, ის iOS-ის და Android-ისთვის განკუთვნილი Messenger-ის ახალ ვერსიებშია დამატებული. ამის შესახებ Mashable-ი წერს.

გზავნილის წასაშლელად მას ორჯერ უნდა შეეხოთ ეკრანზე. გამოჩნდება მენიუ, რომელშიც მომხმარებელი შეძლებს ორიდან ერთი ვარიანტის არჩევას: შეტყობინების წაშლას მიმოწერის ყველა წევრისთვის ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის (სწორედ ასე მუშაობდა შეტყობინებების წაშლა მესენჯერში ამ მომენტამდე).

შეტყობინების წაშლას გაგზავნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეძლებთ, რის შემდეგაც ახალი ფუქცია აღარ იმუშავებს.

Facebook-მა ჩატში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის შესაძლებლობის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. ამ სიახლის შესახებ მას შემდეგ ითქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს და სოცქსელის სხვა ხელმძღვანელებს ისე შეეძლოთ თავისი შეტყობინებების წაშლა ჩატიდან, რომ ისინი აღარ შენახულიყო მიმოწერის სხვა მონაწილეებისათვის.

ამასთან, რიგითი მომხმარებლები დღემდე თავისი შეტყობინებების წაშლას მხოლოდ მიმოწერის საკუთარი ვარიანტიდან ახერხებდნენ და ჩატის სხვა მონაწილეები მას ხედავდნენ.

NO COMMENTS