Google Maps-ი მძღოლებს ხმოვანი შეტყობინებით სიჩქარის მზომ კამერებთან მიახლოვებისას გააფრთხილებს

0
261

Google Maps-ი მთავარი სანავიგაციო აპლიკაციაა მილიონობით სხვადასხვა მოწყობილობაზე მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლები ხშირად მომხმარებელს ახალ მანქანებში საკუთარ სანავიგაციო სისტემებს სთავაზობენ.

ერთი საკვანძო მახასიათებელი, რაც სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით Google Maps-ს არ გააჩნია, არის გზებზე სიჩქარის ლიმიტის ჩვენება. გარდა ამისა, ეს აპლიკაცია მძღოლებს არც სიჩქარის მზომ ფიქსირებულ კამერებთან მიახლოებისას აფრთხილებს. როგორც ჩანს, ეს მალე შეიცვლება.

როგორც პორტალი Android Police იუწყება, ამერიკელი მომხმარებლებისგან ბოლო პერიოდში მიიღეს ცნობები, რომ Google Maps-მა სიჩქარის ლიმიტის ჩვენება დაიწყო. შემდეგში დადასტურდა, რომ ეს მახასიათებელი მუაშობს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და მინესოტაში.

საინტერესოა, რომ სიჩქარის ლიმიტის მახასიათებელი 2017 წლის ივლისშიც გამოჩნდა, მაგრამ მუშაობდა მხოლოდ სან-ფრანცისკოსა და რიო-დე-ჟანეიროში.

ამჯერად, Google Maps-ი მძღოლებს ხმოვანი შეტყობინებით სიჩქარის მზომ კამერებთან მიახლოებისასაც აფრთხილებს. მძღოლები აპლიკაციაში ნახავენ გზებზე დაგებულ სიჩქარის შემზღუდველებსაც.

საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი — Google სიჩქარის ლიმიტისა და სიჩქარის მზომი კამერების მახასიათებლებს საკუთარ აპლიკაციაში აქამდე მხოლოდ იმიტომ არ ამატებდა, რომ წლების განმავლობაში, მომხმარებლებს ამ სერვისს მისი კუთვნილი აპლიკაცია Waze სთავაზობდა. ამ ორ აპლიკაციას შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ Waze იქმნება მოხალისეების მიერ, ე. წ. ქრაუდსორსინგით, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაახლონ ინფორმაცია.

ამ მახასიათებლთა დამატების შესახებ Google-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება, მას შემდეგ, რაც სერვისი უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

NO COMMENTS