ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ კრებებს სოზარ სუბარი და შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ

0
186

7 თებერვალს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ კრებებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

სოფელ მუშევანში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გარე განათების ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, წელსვე, დაგეგმილია სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, სოფელში არსებული რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის შემოღობვა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კრებაზე სკოლის რეაბილიტაციის საკითხიც დააყენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში,სოზარ სუბარი, მოსახლეობას განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.
სოფლის კრება გაიმართა სოფელ ბალიჭშიც, სადაც მოსახლეობამ მსჯელობის შემდეგ, პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა. წელსვე, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სოფელში სანიაღვრე სისტემებით გამართულ გზის მშენებლობას გეგმავს ღირებულებით 750 000 ლარი.
მისახლეობასთან შეხვედრები, დღეს, დაბა კაზრეთში დასრულდა,სადაც, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა,რომ დაბაში არსებულ კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” გარდა, დაბაში წელს დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა.
მოსახლეობამ, სასწრაფო-სამედიცინო პუნქტისა და პროფესიული სასწავლების ფუნქციონირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბის მცხოვრებლებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.

NO COMMENTS