რუსთავში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2017-2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

0
232

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2017-2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, შეკრებილ საზოგადოებას, ქალაქის სტრატეგიული განვითარების საკითხებში, მერის თანაშემწემ, რევაზ ბარბაქაძემ და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ბელა კეთილაძემ გააცნეს. 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მრჩეველთა საბჭოს მიერ გაწეული რეკომენდაციები რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის ქუჩების დამისამართების იმ პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელსაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფონდ ,,ორბელიანის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადებზე ჯამში, მისამართის აღმნიშვნელი 1000 აბრა განთავსდება. ბანერებს კი, კონკურსით შერჩეული რამდენიმე ახალგაზრდა მხატვარი გააფორმებს. 
პროექტი მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან. 
მისი საქმიანობის მიზანი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდაა.

მრჩეველთა საბჭოს, მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, ქალაქის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებსა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებებს.

NO COMMENTS