ირაკლი ტაბაღუამ განათლების სამინისტროში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

0
68

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, თემაზე – ,,ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის’’- კონფერენცია გაიმართა. 
კონფერენცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’(Save the Children) და ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ ინიციატივით ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით რუსთავის მერმა მიმართა. 
ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მერიაში დაგეგმილი იმ ღონისძიების შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, 2 აპრილს, ,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’ დამფუძნებელი მუნიციპალიტეტები ხელს მოაწერენ დეკლარაციას ,,სკოლამდელი განათლება -ჩვენი პრიორიტეტული სოციალური პაკეტი“. 

,,გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save the Children) პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 4 ივლისს ,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც რუსთავთან ერთად, 7 მუნიციპალიტეტი იყო გაერთიანებული. ასოციაციაში დღეისთვის უკვე გაწევრიანდა 38 მუნიციპალიტეტი.

კონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და სკოლამდელი განათლების ასოციაციის თავმჯდომარე ეკატერინე ხუციშვილი, სხვადასხვა სამინისტროს, პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების მერები, სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის მიზანი, მონაწილეებისთვის პროექტის განხორციელებისას მიღწეული შედეგების გაცნობა, ასევე ახლადჩამოყალიბებულ სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო. 
შეხვედრის მონაწილეებმა სკოლამდელი განათლების დარგში მიმდინარე სიახლეები, არსებული გამოწვევები, წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები და სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის განვითარების საკითხები განიხილეს.

NO COMMENTS