რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკულ ნავთობკომპანიას ფოლადის მილებს მიაწვდის

0
191

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ის უდიდეს ნავთობკომპანიასთან „ექსონ მობილ“ (Exxon Mobil) მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყეს და აშშ-ის მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი ამ ქვეყანაში ექსპორტს აგრძელებს.

„გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე“, – აღნიშნულია ქარხნის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ქარხანაში განმარტავენ, ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია.

წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. მომხმარებლებს გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან სამხრეთ კორეისა და ინდოეთის ბაზრებიც დაემატება.

NO COMMENTS