ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

0
233

4 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, მოწვეულ სტუმრებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 2018 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
,,ჩემთვის დიდი პატივია, იმ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი, რომელიც თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ვფიქრობთ, ეფექტურად განხორციელდა.
ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია, ხშირად, კონკრეტულ დასახლებებში, ადგილობრივებმა უკეთ იციან იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეალურად არსებობს”,- ასე მიმართა დავით შერაზადიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის, მშენებლობა-რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის კუთხით გაიხარჯა 10 184 300 ლარი;
კულტურის-რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მიმართულებით დაიხარჯა 4 415 000 ლარი;
განათლების კუთხით დაიხარჯა 2 633 200 ლარი;
ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი 3 751 800 ლარი;
2018 წელი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იყო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა 90-ზე მეტი მასშტაბური პროექტი.
დავით შერაზადიშვილმა პრეზენტაციისას მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ მუნიციპალურ სოციალურ პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ, პროგრამის ფარგლებში, 5500-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება. სოციალური მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 751 800 ლარი დაიხარჯა.
2018 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი რამდენიმე წლიანი სამოქმედო გეგმა , რომელიც ეტაპობრივად, რეალურად განხორციელებულ პროექტებში აისახება.

NO COMMENTS