ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა – რუსთავში ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

0
171

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

მოგვიანებით, გიგა ლორთქიფანიძის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის ცისფერ დარბაზში, ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე, აფხაზეთის სახელმწიფო თეატრში, რუსთავის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი ,,დაბადების დღე’’ წარმოადგინა, რომელიც ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.
სპექტაკლს სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერიც დაესწრო.

სპექტაკლის პრემიერა, რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემის და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გასული წლის 27 სექტემბერს გაიმართა.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

NO COMMENTS